GEARN საცდელი პროექტი ,,ლიტერატურა და ფერწერა"

პროექტის სახელი: ,,ლიტერატურა და ფერწერა"
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები იკვლევენ ადეკვატურ მხატვრულ სახეებს ლიტერატურასა და ფერწერაში, ერთიდაიმავე მიმდინარეობის ლიტერატურულ და ფერწერულ ნიმუშებს, მოიძიებენ ლიტერატურული ნაწარმოებების ილუსტრაციებს ან, პირიქით, ფერწერული ტილოებით შთაგონებულ ლიტერატურას.
შეეძლებათ თვითონაც დაასურათონ ლიტერატურული თხზულებები, წიგნები, და ფერწერული ტილოების მიხედვით დაწერონ ლიტერატურული ნაწარმოებები.
მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ შექმნილ, ან მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტით, აკეთებენ ვირტუალურ გალერეას ,,ფერწერული ლიტერატურა და პოეტური ფერწერა“, ატარებენ კონფერენციას, აწყობენ გამოფენას, ამზადებენ სამახსოვრო ბარათებს.
პროექტის სრული აღწერა:
ლიტერატურასა და ფერწერას შორის საზღვრების, მსგავსებისა და განსხვავების დადგენა, არაერთ სახელგანთქმულ მეცნიერსა და ხელოვანს აინტერესებდა: ლეონარდო და ვინჩი, ჰეგელი, დიდრო, ვილკელმანი, ჰერდერი. . ისტორიულ წარსულში ბევრჯერ წარმოშობილა კონფლიქტები ხელოვნების ამ ორ დარგს შორის პირველობის თაობაზე . ყოველ ეპოქაში განსხვავებულად განიხილებოდა ეს საკითხი.
ხელოვნების თითოეული დარგი, თავისებურად გამოხატავს არსებულისადმი დამოკიდებულებას, გამომსახველობითი ფორმებიც სხვადასხვაგვარი გააჩნიათ. ყველასათვის საერთო კი ესთეტიკური კატეგორიებია, რომელთა შორის მთავარია მხატვრული სახე. ხელოვნების უმთავრესი ნიშანიც სახეებით აზროვნებაა, სახისმეტყველებაა. არსებობს ადეკვატური მხატვრული სახეები ფერწერასა და პოეზიაში და არსებობს ესთეტიკური კავშირები, რომლებიც მთელ მიმდინარეობებს ქმნიან ხელოვნებაში. ამავე დროს საუბრობენ ,,მხატვრის ლიტერატურულობაზე“, როცა, მაგალითად, საქმე ილუსტრაციებს შეეხება, ან როცა ფერწერული ნაწარმოებები, მოთხრობის პრინციპების შესაბამისად, აგებულია რაღაც ფაბულაზე, (მაგ.ფედოტოვის, პეროვის შემოქმედება). შეიძლება ვილაპარაკოთ აგრეთვე ფერთამეტყველებაზე და მის ვარიაციულ ფუნქიონირებაზე პოეზიასა და ლიტერატურაში.
ერთი სიტყვით, თემა ძალიან დიდია, გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ.
პროექტში მონაწილე ბავშვები მოიკვლევენ და იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე: მხატვრული სახის თავისებურება და მისი ადეკვატურობა ფერწერასა და ლიტერატურაში, სიტყვისა და გამოსახულების, ლიტერატურისა და ფერწერის ურთიერთმიმართების ისტორია; მათი ახალი სინთეზი მოდერნისტულ ხელოვნებაში; შეადარებენ ერთმანეთს ლიტერატურულსა და ფერწერულ ნაწარმოებებს, მოიძიებენ ადეკვატურ მხატვრულ სახეებს; დაადგენენ მსოფლმხედველობრ და ესთეტიკურ კავშირებს; შეისწავლიან ფერთამეტყველების საკითხებს ლიტერატურულ ნაწარმოებებში (მაგ.,,ვეფხისტყაოსანი“, კ. გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა“ და ა.შ.); იმსჯელებენ ფერთა ტონალობაზე და მათ ვარიაციულ გამოხატვაზე პოეზიაში(მაგ.სიმბოლისტები, გალაკტიონი); მოიძიებენ ფაბულის მქონე ფერწერას და ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით შესრულებულ ილუსტრაციებს.
მოსწავლეებს თვითონაც შეეძლებათ ფერწერული ტილოების შთაგონებით დაწერონ ლექსები, ჩანახატები, ესკიზები და გააკეთონ სასურველი ლიტერატურული ნაწარმოების (ლექსის, მოთხრობის)ან წიგნის ილუსტრაციები..
მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთ ნამუშევრებს საიტზე. გააკეთებენ ვირტუალურ გალერეას ,,ფერწერული ლიტერატურა და პოეტური ფერწერა“.მოაწყობენ გამოფენას, ჩაატარებენ კონფერენციას, დაამზადებენ მისალოც ბარათებს, რითაც თავიანთი გემოვნებით არჩეულ ლიტერატურულ და ფერწერულ ნაწარმოებებს მიუძღვნიან სასურველ ადამიანებს.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13–18 წელი VII–XII კლ.
ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის 1 დეკემბრიდან –2009 წლის 20 ივნისამდე, ხანგრძლივობა შესაძლებელია განსაზღვროს პედაგოგმა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, მხატვრულ სახეებზე დაკვირვება და მათი ანალიზი, ერთიდაიმავე მიმდინარეობის ფერწერული და პოეტური ნაწარმოებების შედარება, ვებ-გვერდების გაკეთება, წერა, ხატვა, პრეზენტაცია, დისკუსია, ბარათების დამზადება.
მოსალოდნელი შედეგები,/პროდუქტები, რაც შეიძლება შიქმნას:
ამ პროექტის განხორციელებით ამაღლდება მოსწავლეთა ცოდნის დონე ბევრ საგანში: ქართულში, ხელოვნებაში, ისტორიაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში. მოსწავლეები გამოიმუშავებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარ–ჩვევებს და შექმნიან ნიმუშებს ფერწერასა და ლიტერატურაში. ჩამოუყალიბდებათ ლიტერატურული და ფერწერული ნაწარმოებების აღქმის გაანალიზებისა და ესთეტიკური შემეცნების უნარები.
შეიქმნება: ვებ–ბლოგები; ლექსები, ჩანახატები, ესკიზები, მოთხრობები, ნოველები; ნახატები, წიგნების ან ლიტერატურული ნაწარმოებების ილუსტრაციები, სამახსოვრო ბარათები.
სარგებელი სხვებისთვის: ქართულისა და ხელოვნების მასწავლებლები, (აგრეთვე დაინტერესებული პირები, მომხმარებლები), გაეცნობიან ახალ საინფორმაციო–საგანმანათლებლო რესურსს, შეიქმნება ვირტუალური გალერეა: ,,ფერწერული ლიტერატურა და პოეტური ფერწერა“, რომელთაც გამოიყენებენ აღნიშნულ საგანთა ინტეგრაციის დროს. დღესდღეობით დიდი ყურადღება ექცევა ინტერდისციპლინური გაკვეთილების ჩატარებას, ხოლო პილოტურ სახელმძღვანელოებში უკვე შეტანილია ჩვენს მიერ შემოთავაზებული თემა.(,,ქართული ენა და ლიტერატურა“, VII კლასი, ავტორები: ვ.როდონაია, ა.არაბული, მ.ხუციშვილი) შეიქმნება ლიტერატურული ნაწარმოებების, ან მთლიანი წიგნების დასურათებული ნიმუშები, ილუსტრაციები, რისი გამოყენების საშუალება მიეცემათ მაგ.წიგნის ავტორებს, მათი გამოცემის შემთხვევაში.
სამუშაო ენა: ქართული
საგანთან, საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის განხორციელებით მყარდება მჭიდრო კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებთან:
ქართული ენასა და ლიტერატურაში: მოსწავლეს უვითარდება ინფორმაციის მოძიებისა, კვლევის, წერის, კითხვის, ზეპირმეტყველების, დეტალებზე დაკვირვების, აღწერის, შედარების, გაგების, ასოციაციური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, სინთეზის, შეფასების უნარები. მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს. გამოხატავს და ხსნის საკუთარ დამოკიდებულებას მათ. მიმარ., თვითონაც ქმნის წერილობით ტექსტებს სხვადასხვა მიზნით.
ხელოვნებაში: უვითარდებათ ფერწერული სურათის ანალიზის – ფერის, კომპოზიციის, განწყობის გადმოცემის, ნახატების შესრულების, მხატვრული წარმოსახვის უნარები. ეცნობიან ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს, კონცეფციებს, სწავლობენ ფერწერისა და პოეზიის ურთიერთებას სხვადასხვა ეტაპზე, ადგენენ მათ შორის არსებულ კავშირებს, ეცნობიან ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს, წერილებს, თეორიულ ტრაქტატებს, სწავლობენ, როგორ დაამზადონ ლამაზი ბარათები. შემოქმედებითად იყენებენ სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს ნამუშევრის შექმნისას.
ისტორიაში: ეცნობიან ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობის ისტორიულ საფუძვლებს, ადგენენ იმ მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს, რომლებმაც გამოიწვია ამათუიმ მიმდინარეობის განვითარება, იკვლევენ საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - იუმჯობესებენ ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, გაცვლის, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირებას, შექმნიან საინფორმაციო–ელექტრონულ რესურსებს.
გაიუმჯობესებენ ესთეტიკური შემეცნებისა და მხატვრული ღირებულებების აღქმის უნარს.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ნანა ცანავა–მიქელაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი, 21–ე საჯარო სკოლა, ქუთაისი.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nanacanava@gmail.com
პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?14@@.1ea69972
პროექტის ვებ–ბლოგი:
literaturadafertsera.blogspot.com